ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“მე რაც მოვისმინე, მართალი გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ დავრჩი, არ ვგეგმავდი, მაგრამ მთხოვეს, დარჩიო. ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც. კი, გეგმასთან, სტრატეგიასთან შეიძლება, იქ ნიუანსები იყო, მაგრამ მერე ყველა შეჯერდა და შეჯერდნენ იმაზე, რომ ახლა ეს უნდა იყოს დღის წესრიგში, რაც შეიძლება სწრაფად და სხვადასხვა გზით“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, გეგმის ნაწილია მათ შორის საპროტესტო აქციები.
“ესეც იქნება, დიახ, სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციები, ხვალიდანვე იწყება. ეს არის, რაც გავიგე და თვითონ მელია, ემოციური, ნამდვილი ლიდერის თვისებებით, ძალიან კმაყოფილი დავრჩით. მეტი რაღა უნდა ქნან, ე.ი. განცხადებით შემოდიან, დღის წესრიგში ყველაფერი მოიხსნა, ახლა დღის წესრიგში მისი ჯანმრთელობის გადარჩენაა.
მე არანაირი ინიციატივა არ მქონია, უბრალოდ ვისმინე. აბსოლუტურად მოვიწონე ის, რაც მოვისმინე. თვითონ წერილობითაც გაავრცელებენ განცხადებას და ქმედებითაც გვაჩვენებენ ამ დღეებში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.