26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს, კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად თუ ვინმეს სურს სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.
“17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, არჩევნების მზადების პროცესში, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები. 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებს და თუ ვინმეს სურს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია. ასე რომ არჩევნები წინ არის, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ეს ყველაფერი იქნება უკვე ცხადი ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.