დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მან მოსკოვში დამატებითი ქონებები შეიძინა, ფაქტია, რომ დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ეკატერინე ხვედელიძემ დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში და ამაში მილიონობით ლარი გადაიხადა.
როგორც ჩანს, წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება და დიახ, ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება და გაიქცევა რუსეთში, იმიტომ, რომ, მან ამ ქვეყანაში ადამიანები გააღარიბა, გააღატაკა და უბრალოდ გააქცია ქვეყნიდან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტმა (OOCRP) ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, “რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა – უჩა მამაცაშვილმა”.