ეს იქნება განცხადება განცხადებისათვის და საყურადღებოა, რომ ფუჭი მოლოდინის შექმნამ შემდეგ მოსახლეობაში იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძე საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ნაკლები შანსი აქვს.
“განსაკუთრებული მოლოდინების გაჩენას სჯობს, რომ რეალისტურად შევხედოთ ამ ამბავს. ხელისუფლება, ერთის მხრივ, ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ყურად არ იღებს მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს. ამას დავუმატოთ ის, რომ საკმაოდ არაერთგვაროვანი პოზიცია დაიჭირა უკრაინასთან მიმართებით, უკრაინის მთავრობას ახლა სრულიად სხვა წონა აქვს ევროკავშირში. გამომდინარე აქედან, ჩვენს პერსპექტივებს მოლოდინით არ ვუყურებ. პირველი რიგის ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ უკვე ისეთი განაცხადების გაკეთება, რისი რეალურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უმნიშვნელო არ იქნება ის პოზიცია, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით დაიჭირა.
“გარდა იმისა, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრის სტატუსს არცერთი პარამეტრით არ აკმაყოფილებს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა არასწორი პოზიცია დაიჭირა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტთან და იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რაც დიპლომატებმა პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევისათვის გაწიეს.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა ის რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა. ამ ფონზე, რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის მიღება კი არა, საერთოდ მოთხოვნაც კი, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, ეს იქნება განცხადება განცხადებისათვის, თუმცა საყურადღებოა, რომ ფუჭი მოლოდინის შექმნამ შემდეგ მოსახლეობის იმედგაცრუება არ გამოიწვიოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.