კახი კალაძე, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინაში გაიკეთა კარიერა, მისი ყოფილი თანაგუნდელების ოჯახების დაწიოკებას აფინანსებს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი მერიის მიერ ოკუპანტ ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მტრის საომარ კამპანიას ვაფინანსებთ.
“საქართველოს მთავრობა 1 მილიონი ლარით დაეხმარა უკრაინას და ამის შესახებ ყოველდღიურად საუბრობენ. მეორე ხელით კახი კალაძემ 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ სამხედრო სახელმწიფო კომპანიას, რომელიც მუხლუხოებიან ტანკებსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ვალით აღებული თანხა, რომელიც უნდა დააფინანსონ ჩვენმა შვილებმა, იმისთვის, რომ უკრაინაში ბავშვებისა და სამშობიაროსთვის დამიზნებული რაკეტები აწარმოონ. ამასობაში დედაქალაქის მერი არის გატრუნული და ხმას არ იღებს, სამარცხვინოა, კალაძის დამოკიდებულება, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინაში გაიკეთა კარიერა და აფინანსებს რუსულ სახელმწიფო სამხედრო კამპანიას, რომელიც მისი თანაგუნდელების ოჯახებს აწიოკებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა რუსულ კომპანია “მეტროვაგონმაშთან”. კომპანიას, რომელიც სამხედრო საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს, თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონი უნდა გადმოეცა.
თბილისი მერია აცხადებს, რომ EBRD-მ შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება.