უკრაინის ჯარები უკვე აკონტროლებენ 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას კურსკის ოლქში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის რეგიონის გარკვეულ რაიონებში, დღეს ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების განმტკიცებას, გარკვეული რაიონების სტაბილიზაციას და უკრაინის გაცვლითი ფონდის შევსებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზოგადად, ეს ოპერაცია გახდა ყველაზე დიდი ინვესტიცია უკრაინელების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში.
“ერთ ოპერაციაში ჩვენ უკვე მივიღეთ ყველაზე მეტი რუსი ტყვე და ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ქმედება გრძელდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჯერ არ არის შესაძლებელი საჯაროდ საუბარი იმაზე, თუ რომელი ქვედანაყოფები არიან ჩართული კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში.
“მადლობელი ვარ ყველა ქვედანაყოფის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს გმირს. ახლა რუსი მესაზღვრეები ჩვენი სუმის რეგიონის მოპირდაპირედ არიან, რომელიც დიდწილად გათავისუფლდა რუსული არმიის ყოფნისგან. და ეს არის ჩვენი ოპერაციის მიზნებს შორის, ტაქტიკურ მიზნებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
6 აგვისტოს უკრაინის ჯარებმა შეტევა დაიწყეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. ოპერაციის მიზანია უკრაინის სასაზღვრო რეგიონების მცხოვრებლების დაცვა რუსული დაბომბვისგან, ასევე ბუფერული ზონის შექმნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა ათეულობით დასახლება აიღეს, მათ შორისაა ქალაქი სუჯა.