კიევი: თუ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას მოასწრებს, სახალხო დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებაში მას ცენტრალური საარჩევნო კომისია შეუშლის ხელს. ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ალექსეი პოლტორაკოვმა განუცხადა.
“სააკაშვილი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე მოქალაქეობას არ აღიდგენს. მისი კამპანიის ფარგლებიდან გაყვანა ძალიან მარტივია, ცსკ-ის ფილტრის საშუალებით. ამისთვის საფუძველი და მიზეზი ძალიან ბევრია. მაგალითად, თუ ის უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს, ჩნდება კითხვა იმის თაობაზე, ცხოვრობდა თუ არა ის სრული დრო უკრაინის ტერიტორიაზე”, – განაცხადა პოლტორაკოვმა.
ექსპერტის თქმით, უკრაინის კონსტიტუციის 76-ე მუხლის საფუძველზე სახალხო დეპუტატად არჩეული შეიძლება იქნას მხოლოდ უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აქვს ხმის უფლება და უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის მანძილზე ცხოვრობს.
“ასე რომ, კანონის მიხედვით ის ვერ შეძლებს მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამისთვის საჭიროა ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ცხოვრება”, – აღნიშნა მან.
24 ოქტომბერს უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშეკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიმდინარე წლის 26 ივლისს ჩამოართვა.
10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს.