თავისთავად დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რამდენად სინამდვილეს შეეფერება აღნიშნული ინფორმაცია, რომ უკრაინაში კონტრდაზვერვის სამსახურში გია ლორთქიფანიძე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
“აქაც გასაკვირია, რომ საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვინ, სად ინიშნება უკრაინაში და მით უფრო, ვინ ინიშნება კონტრდაზვერვაში მოადგილედ, საერთოდ საკვირველია, რატომ აქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ ეს მართალია, დასანანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია, არსებობს პირდაპირ ჩვენებები იმ ადამიანების, რომებიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვაში იყვნენ ჩართული. მათი ჩვენებები არსებობს და თუ არ ვცდები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია.
გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით და აქ ქვეყნის არევის. თავისთავად, ადამიანი, როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს სასაიამოვნო არ არის. გარდა ამისა, ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც იქ ასევე გენერალური პროკურორის მრჩეველია. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ კუთხით რაიმე სახით კრიტიკულები ვიყოთ, ჩვენ სრულად გვესმის, რომ არათუ ძალიან რთული, ტრაგიკული მდგომარეობაა უკრაინაში. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის მომენტი ამ საკითხებზე საუბრისა და განხილვის, თუმცა ეს თავისთავად დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი უკრაინაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.