ყველა ქმედებას, რომელიც არის სწორი, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ემიჯნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მადლობა, რომელიც უკრაინის რადას თავმჯდომარემ 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გადაუხადა, მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა გაირკვა, რომ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელი არა ხელისუფლების წარმომადგენელმა არამედ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ გმობს.
“ძალიან გამიკვირდა, რომ ვნახე მადლობა საქართველოსთვის, მე ვიფიქრე, გამოსწორებულა საქართველოს ხელისუფლება, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოუწერია ხელი გრიგოლ ვაშაძეს და „ქართული ოცნება“ გმობს ახლა გრიგოლ ვაშაძისგან ამ ქმედებას, ანუ ყველა ქმედებას, რომელიც არის სწორი, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ემიჯნება მას“, – განაცხადა პაატა მანჯგალძემ.
დოკუმენტი, რომლზეც ხელს 12 ქვეყნის წარმომადგენელი აწერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხს უკავშირდება.