როგორც ჩანს, კრემლში პოლონეთის მიერ გაკეთებული განცხადებები არ მოეწონათ და ეს პასუხია, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ პოლონეთში რუსეთის საელჩოს შესაძლო ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთს პოლონეთთან ომის არც სამხედრო და არც ეკონომიკური რესურსი არ აქვს.
“საელჩოდან კვამლის ამოსვლა, რაც დოკუმენტების განადგურებას და წინასაომარ ვითარებას მიანიშნებს, შესაძლოა, ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მომენტი იყოს, რადგან პოლონეთთან ომის დაწყება, რაც ნატოსთან ომს ნიშნავს, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთს ამის შესაძლებლობა არც სამხედრო და არც ეკონომიური თვალსაზრისით არ აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება პოლონეთთან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას, გამყრელიძის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლში სუიციდის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამასთან, მნიშვნელოვანია, პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტიც.
“ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კრემლში თვითმკვლელობაზე წავლენ. როგორც ჩანს, კრემლში პოლონეთის მიერ გაკეთებული განცხადებები არ მოეწონათ და ეს პასუხი იყო იმისათვის, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, თან ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ჩადის პოლონეთში. მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება დაითანხმოს ზელენსკი, დათანხმდეს ზავის ხელშეკრულების დადებაზე. მშვიდობას და ზავს ალტერნატივა არ აქვთ, თუმცა, რა პირობებით, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.