პოლონეთის სეიმი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გენოციდის აქტებს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ აცხადდებს.
შესაბამისი რეზოლუცია სეიმმა 23 მარტს მიიღო.
“პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი კატეგორიულად გმობს ძალადობის გახანგრძლივებულ აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებრივ დარღვევებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
პოლონეთის სეიმი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ყველანაირად მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სასამართლო პროცესების დაწყებას და ჩატარებას. ასევე გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
“ამ დანაშაულების საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ვლადიმერ პუტინის ომის დამნაშავედ აღიარებას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ასევე, პოლონეთის სეიმმა მიმართა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებს და ევროპარლამენტს თხოვნით, აღიარონ პუტინი, უშიშროების საბჭოს წევრები და რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურები ამ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირებად და დააკისრონ მაქსიმალურად ფართო სანქციები.
დეპუტატებმა „თავისუფალ უკრაინელ ხალხს და უკრაინის დემოკრატიულ სახელმწიფოს“ ურყევი სოლიდარობა გამოუცხადეს.