დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო უკანონო პროცედურაში მონაწილეობის გზით, თუმცა მისამართი შეეშალათ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურაში დაბარების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველ შემდგომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პაპუაშვილთან ერთად პროკურატურასაც დაეკისრება.
“დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო უკანონო პროცედურაში მონაწილეობის გზით, თუმცა მისამართი შეეშალათ. 14 წელია, ამ უწყებაში ნამუშევარი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ნათია მეზვრიშვილს მოსთხოვეს, რომ მონაწილეობა მიეღო გასაუბრებაში გამოძიების დაწყებამდე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
განცხადებაში, რომელიც შეიცავს პარლამენტის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც შეიცავს რეალიზებულ ძალადობას, დასისხლიანებულ კადრებს, რომელიც შეიცავს ზონდერაქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას, რომელიც შეიცავს პარლამენტის წევრების აღიარებებს – ამაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება არა მხოლოდ პაპუაშვილის პასუხისმგებლობა, არამედ პროკურატურის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.