ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნილი აკვარიუმის გარეშე გამოჩენას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ გახსენებია არც პენსიონერები და არც ახალგაზრდები, თუმცა “ნაციონალების” განადგურებაზე მაინც ისაუბრა.
“ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნილი აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე – გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც, ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში.
არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება. სამაგიეროდ, კვლავ ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
გუშინ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად. “ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს”, – განაცხადა მან.