ეს იგივეა, მკვლელი გასისხლიანებული ხელებით მსხვერპლს თავზე ადგეს და შენ მაინც მტკიცებულებებს ითხოვდე. მტკიცებულებების ძებნაზე ლაპარაკი არის უკვე დემაგოგია, ჩემთვის ცალსახაა, საქართველოს მთავრობა არის პუტინის მხარდამჭერი, – ამის შესახებ Front News-ს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ გამარჯვებული რუსეთისკენ მიდიოდა, მაგრამ დადგა ფაქტის წინაშე და მასაც მოუწევს პასუხისგება.
“საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიპი არ მართავს, საქართველოს მართავს სუსი, სუსი კი პირდაპირ არის მიბმული რუსეთზე. აქ რას დაგაბრალებენ და რას არა, აღარ აქვს მნიშვნელობა, ის რომ ჩვენი მთავრობა არის პუტინის მხარდამჭერი, ეს ჩვენ ვიცით. სისულელეა იმაზე საუბარი, თუ მტკიცებულებებს არ დაგვიდებენ, ისე არ დავიჯერებთო. ეს იგივეა, მკვლელი გასისხლიანებული ხელებით მსხვერპლს თავზე ადგეს და შენ მაინც მტკიცებულებებს ითხოვდე. მტკიცებულებების ძებნაზე ლაპარაკი არის უკვე დემაგოგია, ჩემთვის არის ცალსახა, საქართველოს მთავრობა არის პუტინის მხარდამჭერი. ახლა აკანკალებულები ელოდებიან, რომ პუტინმა არ წააგოს…
ეს ხელისუფლება თავისი ღირებულებებით უკვე იქ ჩაჯდა. ივანიშვილი ცდილობს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გადააქციოს საქართველო, დასავლეთის სივრცეში ამ მეთოდებით ქვეყანას არავინ მიიღებს, ამიტომ ის წავიდა პუტინისკენ, ეგონა რომ მიდიოდა გამარჯვებული პუტინისკენ, მაგრამ ახლა დგება ფაქტის წინაშე, რომ პუტინს თავზე ემხობა ყველაფერი, ამიტომ ბიძინასაც მოუწევს პასუხისგება და ყველას, ვინც მის ირგვლივ არის გაერთიანებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ მივიდა საქმე აქამდე, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ „ქართულ ოცნების“ პრორუსულ რელსებზე გადაყვანა ხდებოდა მიზანმიმართულად და პირდაპირი დავალებით.
“საქართველოს მთავრობა პუტინის მხარდამჭერია, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია. უკვე 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გაშვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი გადაიყვანა პუტინის მხარეს. აი, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ყველა რაიონულ ორგანიზაციას პირდაპირ მიეცათ დავალება, რომ გამოევლინათ რუსეთის მიმართ უარყოფითად განწყობილი ხალხი. ამას აკეთებდა დიმიტრი სამხარაძე. თუ რუსეთის საწინააღმდეგო დაიწერებოდა რამე, ისინი უნდა გაენეიტრალებინათ, გაეშვათ პარტიიდან… მე უკვე წამოსული ვიყავი, მაგრამ იქ მქონდა კონტაქტები და ეს ვიცი. ცალსახა იყო, რომ რუსეთზე ცუდი არ უნდა გელაპარაკა, პრორუსული ორიენტაცია უნდა გქონოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.