უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გაერო-ს სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვისას ქალაქ ბუჩაში მომხდარის შესახებ ისაუბრა.
“გუშინ დავბრუნდი კიევთან მდებარე ბუჩადან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც იქ მათ არ ჩაიდინეს. რუსული შეიარაღებული ძალები ეძებდნენ და გამიზნულად კლავდნენ ნებისმიერს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ მოკლეს ქალები საცხოვრებელ სახლებთან, როდესაც ისინი გადარჩენილებს ეძებდნენ. მათ დახოცეს ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, შემდეგ კი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ. მოგმართავთ იმ ხალხის სახელით, რომლებიც პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სახელით, ვინც დაიღუპა, წამების შემდეგ კეფაში ესროლეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ჩაცხრილეს, ზოგი ჭაში ჩააგდეს, ისინი წამებით დაიღუპნენ. ისინი მოკლეს სახლებში, ყუმბარების აფეთქებისას, მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთი სიამოვნებისთვის, ტანკებით გადაუარეს, როდესაც ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ მოკვეთეს კიდურები, გამოჭრეს ყელი, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს მათი შვილების თვალწინ. ეს არ განსხვავდება სხვა ტერორისტებისგან, როგორიცაა დაეში, რომელმაც გარკვეული ტერიტორია დაიკავა. აქ კი ამას ახორციელებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი.
ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ, გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.
“სად არის ის უსაფრთხოება, რომელიც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის არ არის მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს. მაშ სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?
თუ სიტუაცია გაგრძელდება, რომ ქვეყნები მხოლოდ იარაღის ძალას დაეყრდნობიან თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაერო უბრალოდ შეიძლება დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. საჭიროა რეფორმა, რომ ვეტოს უფლება არ იყოს მკვლელობის უფლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.