სამუშაო სივრცეში უნდა ჰქონდეთ სამედიცინო პუნქტი, შრომის უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. წყლის რეზერვუარი უნდა იდგეს,უნდა ჰქონდეთ სამედიცინო პუნქტი. ასეთი ელემენტარული მოთხოვნები აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ევოლუშენ ჯორჯიას” საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, დასაქმებულებს შესაბამისი სამუშაო ნორმები ჰქონდეთ კომპანიაში.
“საკითხები, რომელიც ამ გაფიცული ადამიანების ირგვლივ დაგროვდა, ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ელემენტარული. შევხვდი მოშიმშილეებს და ვთხოვე შეეწყვიტათ შიმშილობა, იმიტომ, რომ ეს არ არის პროტესტის საუკეთესო გზა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ნახულობენ.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან კონკრეტულ კომპანიაში, ჰქონდეთ შრომის ღირსეული პირობები.
რამდენიმე მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაზეც საუბარი როგორ შეიძლება საერთოდ – მაგალითად, ის, რომ მათ სამუშაო სივრცეში უნდა ჰქონდეთ სამედიცინო პუნქტი, შრომის უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, კონდიციონერები და ვენტილაცია უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში გაუსაძლისია იქ ყოფნა, ნივთების შესანახი კარადა უნდა იყოს, მონიტორები უნდა იყოს მხედველობის დამცავი ფარებით აღჭურვილი, იმიტომ, რომ დიდხანს უწევთ იქ ყოფნა, წყლის რეზერვუარი უნდა იდგეს და მოსაწევი ადგილი უნდა იყოს გადახურული, რომ თავზე არ აწვიმდეთ.
ასეთი ელემენტარული მოთხოვნები, რომ აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის ჩემთვის, ყველაზე უცნაური, იმიტომ, რომ არსად არ მინახავს, რომ ადამიანებს ასეთი ელემენტარულ რაღაცებზე არ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.