რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, ჭურვი ჩამოაგდეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან, – ინფორმაციას სპეცდანიშნულების რაზმი „აზოვი“ ავრცელებს.
“დაახლოებით ერთი საათის წინ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ჩამოაგდეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან“, – წერს „აზოვის“ პრესსამსახური.
დაზარალებულები უჩივიან სუნთქვის უკმარისობას, გულისრევას და თავბრუსხვევას.
InformNapalm-ის ინფორმაციით, გამოყენებული ნივთიერება შესაძლოა, ზარინია.
ზარინი – ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია.
სხვა ნერვული აგენტების მსგავსად, ზარინი უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები ითიშება.