საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
“საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, კომანდერი სტივენ ქუანტრილი და გაერთიანებული სამეფოს მრჩეველი თავდაცვის სამინისტროში, ქლერ ჰენდერსონი დაესწრნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.