როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში, სადაც ნავთობის საცავი მეექვსე დღეა, იწვის, მორიგი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა საცხოვრებელი სახლები მოიცვა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ირწმუნება, რომ პროლეტარსკში “მშრალი მარცვლეული“ იწვის. რუსული ტელეგრამის არხები კი “ლერწმის აალების” შესახებ წერენ.
“ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსაც მოედო“, – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხანძარი რკინიგზის მიმდებარედ არის. ადგილობრივი მოსახლეობა მატარებლით ავზების გადატანის კადრებს აქვეყნებს, რამაც შესაძლოა, ახალი აფეთქებები გამოიწვიოს.
18 აგვისტოს პროლეტარსკში ნავთობის საცავს უცნობი დრონები დაესხნენ თავს.
იმავე დღეს უკრაინულმა მედიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის საცავზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია იყო. ის უკრაინული წარმოების კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა.
ამის შემდეგ ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა და საწვავის ავზები აფეთქდა. რუსი მაშველები მეექვსე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ, რამდენიმე მათგანი დაშავდა.