ის უდიდესი სიხარული, რაც ფეხბურთელებმა და ოლიმპიელებმა მოგვანიჭეს, სულაც არ გვაძლევს იმას უფლებას, რომ ობიექტურად არ შევაფასოთ “ოცნების” მცდელობა მათი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების კუთხით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
“პარლამენტში ოცნების სიით წარდგენილი ძიუდოისტის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ოლიმპიადის ფინალში რომ ვეჭიდავო რომელიმე იაპონელს.
ქართული სპორტის მართლაც რომ ლეგენდა, ზურაბ ზვიადაურის საპარლამენტო საქმიანობა ალბათ, იმით დაგამახსოვრდათ, როცა ქუთაისის დაიარუსებული პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ისკუპა და იმდენად მძლავრად მოუვიდა, რომ ორ რიგს გადასცდა (კაკო ბობოხიძეს უმიზნებდა) და სადღაც გიორგი კანდელაკის თავზე მოადინა ბრაგვანი. ეს ცნობილი ნახტომი იუთუბში იძებნება. მისი წყალობით შემორჩება ისტორიას იგი, როგორც პარლამენტის წევრი.
ყაველაშვილსაც არ დაივიწყებს სამშობლო. მეორე ადგილზე იმყოფება საპარლამენტო მგინებელთა სიაში. პირველობას ჯერჯერობით კაკო ბობოხიძე ინარჩუნებს ქუთაისში წარმოთქმული ეპიკური ანტიქოცური “კეთილების” მოხსენიებით.
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. მოღალატე ქოცების სიაში რომ ჩაეწერები, ნუ გაგიკვირდება, თუ ბევრი წესიერი ადამიანი ზურგს გაქცევს”, – წერს გოცირიძე.