უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარის და “ვაგნერელების” მობილიზაცია შეინიშნება, კიევი მინსკისგან ჯარების გაყვანას ითხოვს, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები წვრთნების საფარქვეშ ახორციელებენ პირადი შემადგენლობის, აღჭურვილობის, ტანკების, არტილერიის, MLRS და საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან ახლოს, გომელის რეგიონში კონცენტრირებას. გარდა ამისა, დაფიქსირდნენ ყოფილი “ვაგნერის” დაქირავებულები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საზღვრებთან და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან წვრთნების ჩატარება საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოებას.
“მოვუწოდებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომები საკუთარი ქვეყნისთვის მოსკოვის ზეწოლის ქვეშ, შეწყვიტონ არამეგობრული ქმედებები და გაიყვანონ ჯარები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დისტანციაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინას არასოდეს გაუკეთებია და არ აპირებს რაიმე არამეგობრული ქმედებების განხორციელებას ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინის სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს თავდაცვისთვის.
“ვაფრთხილებთ, რომ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას თავდაცვისთვის და ბელარუსში ჯარების, ობიექტების და მომარაგების მარშრუტების ყველა კონცენტრაცია გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
6 აგვისტოს უკრაინამ რუსეთის კურსის ოლქში ოპერაცია დაიწყო. ამ დროისთვის უკრაინა კურსკის ოლქში 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს.
მალევე სამონიტორინგო ჯგუფმა “ბელარუსკი გაიუნ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში ოპერაციის დაწყების შემდეგ, ბელარუსმა სულ მცირე ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა უკრაინის მოსაზღვრე გომელის ოლქში.