თუ რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფულია ამ ქვეყანაში, ეს სწორედ “ქართული ოცნების” კორუფციული კლანის და სქემების შავი ფულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი ქოლ-ცენტრებიც მათ გამგებლობაშია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მისი პარტიის ფინანსები გამჭვირვალეა.
“თუ რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფულია ამ ქვეყანაში, ეს სწორედ “ქართული ოცნების” კორუფციული კლანისა და სქემების შავი ფულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი ქოლ-ცენტრებიც მათ გამგებლობაშია და სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართული ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებაზეა მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა სიღატაკის და იზოლაციის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევანი არის ევროკავშირისთვის, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ არ საჯაროვდება.