26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო – თქვენი გზა გაღატაკების გზაა იზოლაციაში, ჩვენი გზა კეთილდღეობის გზაა ევროკავშირში, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
“ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად შენ მოგმართო. 26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო – კეთილდღეობას ევროკავშირში, თუ – გაღატაკებას იზოლაციაში. თქვენი გზა გაღატაკების გზაა იზოლაციაში, ჩვენი გზა კეთილდღეობის გზაა ევროკავშირში. კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? აი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს ხელში, ადამიანებს 100 – ლარამდე აქვთ ხელფასი, ზოგს 200,300, 400 ლარამდე. დაახლოებით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეგვიძლია უმუშევრად ჩავთვალოთ. როცა ადამიანი ხელფასით საჭმელს ან წამალს ვერ ყიდულობ, აი ამის, ამ არჩევანის გაკეთება, რომ გიწევს, რა დასაქმებაზეა საუბარი? 300-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? გეკითხები. 400-ლარიანი ხელფასი, 500-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? შეხედე, გადი უბრალოდ ქუჩაში, მოწყვეტილი რომ ხართ რეალობას, ნახეთ უბრალოდ ფასები რა დონეზეა გაზრდილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.