ეს ხელს შეუშლიას და დააზიანებს მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელების პროცესს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი რომ კლინიკა „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევათ არც ოჯახის წევრებსა და დამოუკიდებელ მედიკოსებს, ასევე მის თანაგუნდელებს თანაგუნდელებს, ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილოის მიერ კლინიკაში გადაყვანის პირობას.
“დღეს არ მოგვეცა საშუალება დეპუტატებს, რომ მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, უარია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, ადვოკატებს დართავენ თუ არა ნებას, ვიცი, რომ ქალბატონ გიულისაც არ მიუღია თანხმობა შვილთან შეხვედრის შესახებ. ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე ვინმე ზრუნავს, ამ პირობის შეუსრულებლობა, რომელიც მისგან იყო, რომ მნახველების დაშვების გარეშე არ გადავიდოდა „ვივამედის“ კლინიკაში, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის და დააზიანებს ამ პროცესს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.