ბატონი გვარამიას დაპატიმრება არის ქართული სახელმწიფოს კრახი და თავის მოჭრა, ამდენი ქაჯობა უკვე მეტისმეტია, – ამის შესახებ Front News-ს ყოფილმა დისიდენტმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამია დიდხანს არ დარჩება საპატიმროში.
“ბატონი გვარამიას დაპატიმრება იმ სასამართლოთი, იმ ჩვენებებით, იმ გამოძიებით, არის ქართული სახელმწიფოს კრახი და თავის მოჭრა. დიდხანს არ იჯდება, იმედი მაქვს, იმიტომ რომ მსოფლიო ამას ასე ვერ დატოვებს, ამდენი ქაჯობა უკვე მეტისმეტია.
გავიგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს ტელევიზია, სხვებიც არიან მისი მომხრეები, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. შეთითხნილი, შეკერილი, უნიჭო პროკურორების მიერ ვერწაკითხული და მოსამართლის მიერ ვერგამოტანილი განაჩენია, სინამდვილეში, დაწერილი სულ სხვა ადგილას და სულ სხვა ვინმეს მიერ.
მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მეგობრები იზრუნებენ იმაზე, რომ ეს ასე არ დარჩეს“, -განაცხადა ბერძენიშვილმა.
“მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს.