უკრაინა ზრდის ტერიტორიებს, რომელიც კონტროლდება რუსეთის კურსკის ოლქში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოისმინა მოხსენება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისგან, რომლის თქმით, უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში კონტროლირებადი ტერიტორიები იზრდება.
“დღესაც, როგორც ყოველ დღე, ხდება გაცვლითი ფონდის შევსება, მადლობა მეომრებო. ეს არის ის, რაც დაგვეხმარება ბევრი ადამიანის დაბრუნებაში რუსული ტყვეობიდან. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მთელი დაძაბულობა, რომელიც ჩვენ რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა მოახდინონ დონეცკის რეგიონზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აგვისტოს დასაწყისიდან კურსკის რეგიონში ბრძოლები გრძელდება. ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ოლქში 100 დასახლებულ პუნქტს უკვე აკონტროლებენ. ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის სასაზღვრო რეგიონების მცხოვრებლების დაცვა რუსული დაბომბვისგან, ასევე ბუფერული ზონის შექმნა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები კურსკის ოლქში დიდი სამხედრო-დიპლომატიური ოპერაციის ნაწილია.
ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის რეგიონში განაპირობა ის, რომ მოსკოვმა უკრაინის ფრონტიდან დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე ამ მიმართულებით გადაიყვანა.