ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატებს, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, – “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ამის შესახებ ოპოზიციური ტელეგრამარხები RESPUBLICA და “აფხაზური პორტალი” წერენ.
როგორც ცნობილია, ე.წ. პარლამენტმა გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.
ტელეგრამარხების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნული საკითხი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა.
გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის პროტოკოლის თანახმად, რომლის ნამდვილობა ჯერ არ დადასტურებულა, პირველი სექტემბრიდან მოსკოვი გეგმავს, შეაჩეროს ფინანსური დახმარების გადაცემა ოკუპირებული აფხაზეთისთვის, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:
ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელშიც ე.წ. დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზეა საუბარია, მითითებულია, რომ 20 სექტემბრამდე აფხაზეთმა უნდა წარადგინოს ე.წ. პარლამენტის დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ ინფორმაცია, “რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”.
“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სამ დეპუტატს, რომლებიც საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.