„ჩემი რჩევა იქნებოდა ქართველებისთვის: განავითარეთ თქვენი ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას”, – ამბობს ედვარდ ლუტვაკი, ამერიკელი სამხედრო სტრატეგი, რომლის რჩევებში სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები წლების განმავლობაში სოლიდურ თანხებს იხდიან.
რუსეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე მას პრეზიდენტი პუტინი პირად მოწვევებს უგზავნიდა. ბრიტანული „გარდიანი” ლუტვაკს „მერილენდის მაკიაველის” უწოდებს, და იხსენებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის, ზბიგნევ ბჟეზინსკის შეფასებას: „როდესაც ედ ლუტვაკზე ვფიქრობ, მე ვფიქრობ ძლიერ ინტელექტუალზე, რომელიც მიდრეკილია კატეგორიული დასკვნებისკენ… მაგრამ ხანდახან იტაცებს სურვილი, შოკი მოჰგვაროს მსმენელებს. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ღირს მისთვის ყურის დაგდება”.
„საქართველომ „ლოდინის თამაში“ უნდა ითამაშოს – განავითარეთ ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას. საქართველოდან მანქანით სავალ მანძილზე დაახლოებით 27 ქვეყანა არსებობდა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. გაქრა მათი პოლიტიკური სტრუქტურა, კულტურა, ბუნება, ისინი გადაშენდნენ. საქართველო და სომხეთი გადარჩნენ, ისინი ისტორიას უძლებენ, იმის გამო, რომ მწერალი ხალხია (textual peoples) – ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არიან ხალხები, რომლებიც ფლობენ ტექსტებს, ნაწერებს… ერები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტერიტორიაზე, ოქროს საბადოებზე, ან კიდევ მეწარმეობასა და ზოგადად ტალანტზე – ისინი შეიძლება გადაშენდნენ. მწერალი ხალხი კი ისტორიას უძლებს. რაც მეტი ტექსტი აქვთ, მით უფრო მეტად. შემთხვევითი არაა, რომ როცა ერევანში ჩადიხარ, მთავარი რამ, რაც ქალაქის ცენტრში გხვდება, არის მატენადარანი, ბიბლიოთეკა. ეს სიმბოლური აღიარებაა პოლიტიკოსების, ბანდიტებისა თუ განგსტერების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს მართავდნენ ქვეყანას, რომ ეს, ბიბლიოთეკა, წიგნი, ტექსტი ქვეყნის არსია. ქართველებსაც აქვთ ტექსტები, ისინიც გადაურჩნენ ისტორიას და დიახ, უკეთეს დღეებს უნდა დაელოდოთ”, – აცხადებს ედვარდ ლუტვაკი „რადიო თავისუფლებასთან“.