უკრაინამ დაიწყო შორი დისტანციის დრონების წარმოება და მუშაობს სარაკეტო პროგრამაზე, თუმცა ეს მოითხოვს ინვესტიციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დიკ სხოფთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შეძლებს თუ არა უკრაინული იარაღი ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმის ნებართვის არარსებობის კომპენსირებას.
“ჩვენ დავიწყეთ ჩვენი შორი დისტანციის დრონების წარმოება, ასევე დავიწყეთ მუშაობა სარაკეტო პროგრამაზე, რომელიც ეფექტურია, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება ფული წარმოებაში. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი თანხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამჟამად სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი სახსრები მასობრივი წარმოებისთვის. ამის მიუხედავად, უკრაინა უკვე აწარმოებს ძალიან დიდი რაოდენობით შორი დისტანციის დრონებს, თუმცა იმისთვის, რომ აჯობოს რუსეთს, სჭირდება კიდევ უფრო მეტი.
ჯერჯერობით, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია პარტნიორი ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების ნებართვა.