უკრაინის ომში დანაკარგების და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა, ინფორმაცია არ ხმაურდება, რათა მტერმა იგი საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“საომარი მდგომარეობის დროს დაღუპულთა რიცხვი სახელმწიფო საიდუმლოებაა. ეს განპირობებულია სამხედრო მიზანშეწონილობით და იმით, რომ მტერმა არ უნდა იცოდეს ეს რიცხვები, რათა არ გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა მალიარმა.
მან ასევე მოუწოდა ყველას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი მონაცემები უკრაინის არმიის დაღუპულთა და სხვა დანაკარგების შესახებ.
“მივმართავთ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომლებიც ცდილობენ საჯაროდ დაადგინონ ეს ციფრები, რადგან ფიქრობენ, რომ ვიღაც მას მალავს, ეს ასე არ არის, ნუ იმუშავებთ მტერზე და არ გაამჟღავნოთ ეს მონაცემები საომარი მდგომარეობის დასრულებამდე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.