რიგგარეშე სესია არ მიგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის. “ქართული ოცნების“ ლუსტრირება უკვე მომხდარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“საბოტაჟია ის, როცა შეკრებები შეკრებებისთვის იმართება და არა – საქმისთვის. ხელისუფლებას დიდი დრო ჰქონდა, 12 რეკომენდაციის მიღებამდე რეალური საქმე ეკეთებინა და ევროპას ჩვენთვის შენიშვნები არ მოეცა. რიგგარეშე სესიისთვის მომზადებულია კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორი საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. როცა საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიას და ევროპული რეკომენდაციების შესრულებას. რიგგარეშე სესია არ მიგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის, “ქართული ოცნების“ ლუსტრირება უკვე მომხდარია. ამოცანა დავუსახეთ, რათა დავინახოთ, რამდენად არის ხელისუფლება მზად, რეკომენდაციები შეასრულოს.
მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ხელს შეუშლის იმ პროცესების წარმართვას, რაც ქვეყანას ევროპის გზამდე მიიყვანს და კანდიდატ ქვეყანად გახდის. ეს ყველაფერი სამწუხაროა და არავის უნდა გვიხაროდეს.
12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის რეალურ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ და არა ის, რომ მაგიდის გარშემო ვიფიქრებდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ, ვთავაზობთ და კარგია, რომ პრეზიდენტმა ეს გაიგო და რიგგარეშე სესია მოიწვია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.