“ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ”, – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
მისი თქმით, რეალურ პრობლემების ნაცვლად, ივანიშვილის გუნდი ოპონენტებს ებრძვის.
“ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ. მან დააანონსა სწორედ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი, “ქართული ოცნება” ებრძოდეს უმუშევრობას, ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს”, – განაცხადა ბოკუჩავამ “ფორმულას” ეთერში.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია გლდანში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. როგორც ცნობილია, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე.