ჩვენ გუშინ ვნახეთ სრულიად ცინიკური, გაუმართლებელი მეთოდებით როგორ იდგნენ ე.წ. პოლიციელები ჩვენი, გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი ეძგვერაძის სახლთან და როგორ ელოდებოდნენ მას, როგორ გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი პრემიერის მიერ დაანონსებული ძალადობის შედეგია.
“იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნება” დღეს ებრძოდეს იმ პრობლემებს, რის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას, იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნება” დღეს ებრძოდეს კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, დღეს “ქართული ოცნება” ებრძვის ოპოზიციას და ვინ იქნებოდა მთავარი სამიზნე, თუ არა ჩვენი კოალიცია – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
დღეს ბიძინა ივანიშვილი არის სრულ აგონიაში, მათ არ აქვთ ხალხთან მისასვლელი პირი და მეორე მხარეს ისინი ხედავენ ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ.
ჩვენ გუშინ ვნახეთ სრულიად ცინიკური, გაუმართლებელი მეთოდებით როგორ იდგნენ ე.წ. პოლიციელები ჩვენი, გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი ეძგვერაძის სახლთან და როგორ ელოდებოდნენ მას, როგორ გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება. სამი საათი ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა არ იცოდა მისი ადგილმდებარეობა. მაგრამ ალბათ, ეს არავისთვის იყო მოულოდნელი პრემიერის გუშინდელი განცხადების შემდეგ, როდესაც მან, ფაქტობრივად, დააანონსა ოპოზიციის მიმართ ძალადობა და რეპრესიები. მათმა “ზონდერ ჯგუფებმა” არ დააყოვნეს და პრემიერის ანონსი ფაქტად აქციეს.
მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” – თქვენი ყველა მცდელობა ხელისუფლების, ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის ფუჭი. თქვენი დრო ძალიან მალე ამოიწურება, ამოიწურება 26 ოქტომბერს”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე გლდანში გუშინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებები ნარკოდანაშაულთან მიმართებით მიმდინარეობდა, რასაც ეძგვერაძემ ხელი შეუშალა.