ნოვოფედოროვკას (ოკუპირებული ყირიმი) სამხედრო აეროდრომზე აფეთქებამდე რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომი “საკი“ რუსული ავიაციის ერთ-ერთი საკვანძო ადგილია ნახევარკუნძულზე. ოკუპაციამდე ის უკრაინის საზღვაო ძალების ბაზა იყო.
დღეს იქ არის განთავსებული რუსეთის 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 გამანადგურებლებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან. ამ აეროდრომიდან რუსეთი ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს და ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
პროექტი “სქემა” Planet Labs სერვისის სურათებს აქვეყნებს, რომლებიც დღეს დილით, აფეთქებებამდე დაახლოებით 4 საათით ადრეა გადაღებული. მათზე ჩანს საწყობები და სამხედრო თვითმფრინავები.
ბაზაზე დღეს 10-მდე აფეთქება მოხდა. ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი.