“ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რათა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, მოპარული მილიონები შეინახონ და საკუთარი შვილები სიმდიდრეში აცხოვრონ, თქვენი შვილები კი გააქციონ ემიგრაციაში და აცხოვრონ სიღარიბეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” მოქალაქეებმა უნდა გადაირჩიონ.
“მაშინ, როდესაც ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დელეგატის დათო კოდუას მამა თავს დაესხა დარჩელის შტაბს და ახალგაზრდა გოგოებს აკუწვით ემუქრებოდა, მინდა გაჩვენოთ, რატომ უნდა მივიდეს ყველა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და რატომ უნდა გადავირჩიოთ “ქართული ოცნება”. “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რათა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, მოპარული მილიონები შეინახონ და საკუთარი შვილები სიმდიდრეში აცხოვრონ, თქვენი შვილები კი გააქციონ ემიგრაციაში და აცხოვრონ სიღარიბეში.
რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დელეგატმა დათა კოდუამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ ააშენეს ევროსტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და ადგილობრივები დავასაქმეთო. სადაც ახლა მე ვარ, ეს სწორედ დარჩელში მდებარე ის საშრობია, რომელზეც ბატონი კოდუა საუბრობდა და რომელიც 2017 წელს ზარ-ზეიმით გახსნა “ქართულმა ოცნებამ”, სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მან გვითხრა, რომ ეს იქნებოდა საშრობი, თხილის ქარხანა და რომელიც დაასაქმებდა ადგილობრივებს. ეს ქარხანა სახელმწიფო ფულით აშენდა, მასში 2 მილიონი დაიხარჯა და დღეს მიტოვებული და გაძარცულია. ამას გარდა, 500 000 ლარის ღირებულების დანადგარები, რომელიც სახელმწიფო ფულითაა შესყიდული, შენობიდან გატანილი და გაძარცულია და მთელმა ზუგდიდმა იცის, ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ შენობის გაძარცვაში მონაწილეობდნენ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.