მოკავშირეებისგან დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმაზე ნებართვის შემთხვევაში, უკრაინა კრემლზე თავდასხმას ვერ შეძლებს. გადაცემული რაკეტების მოქმედების დიაპაზონი ამის საშუალებას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ იტალიას ან ვინმეს ეშინია, რომ ჩვენ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. რადგან შორი მოქმედების იარაღის რადიუსი, რომელიც თქვენ ან თქვენს პარტნიორებს გაქვთ, დაახლოებით 200 კილომეტრია. ეს ნაკლებია, ვიდრე ის დისტანცია, რაზეც ისაუბრა ტაიანიმ (იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი)“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შორ მანძილზე მოქმედების საკითხი მართლაც სერიოზულია, რადგან რუსეთი ყოველთვიურად იყენებს 4 ათასზე მეტ საჰაერო ბომბს აღმოსავლეთ უკრაინაში და ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები არ არსებობს.
ამავდროულად, ტაქტიკური ბომბდამშენები, რომლებითაც რუსები უშვებს ასეთ საჰაერო ბომბებს, განლაგებულია აეროდრომებზე საზღვრიდან 100, 150, 300 კილომეტრში.
“ჩვენ გვინდა მათ წინააღმდეგ შორი მოქმედების იარაღი გამოვიყენოთ, სხვა იდეები არ არსებობს. ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვუმიზნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს აწვდიან, მაგრამ არსებობს პირობები მომარაგებისთვის – უკრაინელი დამცველები ვერ გამოიყენებენ ასეთ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, შეცვალონ პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მან ეს იმით ახსნა, რომ უკრაინას სჭირდება შეტევა რუსეთის აეროდრომებზე, სადაც ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაცია არის ბაზირებული, თუმცა უკრაინის პარტნიორები ჯერ არ ჩქარობენ შეზღუდვების მოხსნას. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დღეს, 6 სექტემბერს განმარტა, რუსებმა თავიანთი ტაქტიკური თვითმფრინავები გადაიტანეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის გადაცემული ATACMS რაკეტების დიაპაზონის ფარგლებს გარეთ. ამავე დროს, მისი თქმით, ვაშინგტონი ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინა უფრო ეფექტური გახდეს საკუთარი ტერიტორიის დაცვაში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა “მოსკოვის სამიზნეებზე” დარტყმებთან დაკავშირებით, ასე გაამართლა მან ბერლინის უარი უკრაინისთვის Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებაზე.