spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ამ კანონის მიღება და ვეტოს დაძლევა იქნება ზიანი საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში

ამ კანონის მიღება და ვეტოს დაძლევა იქნება ზიანი საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.

 

კომისიის მოსაზრების მიხედვით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.

 

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

 

7 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.ვენეციის კომისიის დასკვნაზე პრაქტიკულად არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა მმართველი გუნდისგან, გარდა ვიცე-სპიკერი ვოლსკისა, რომელმაც ვენეციის კომისიას მოუწოდა თავად გადახედოს დასკვნას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უმნიშვენლოვანეს ეტაპზე, როდესაც 12 პუნქტის შესრულება და ევროპული ინსტიტუტების ყველა რეკომენდაციის გათავლისწინება ხელისუფლების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

 

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ „ქართული ოცნების“ უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ევროკავშირის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. მთავარი მიზანი მხოლოდ იმიტაციური სურათის შექმნაა.

 

ამ კანონპროექტზე ოპოზიციას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა ზუსტად ის აზრი, რაც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მმართველ უმრავლესობას არ მიეღო კანონი დაჩქარებული წესით.

 

ამ კანონის მიღება და ვეტოს დაძლევა იქნება ზიანი საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ისევე როგორც “ქართული ოცნების“ სხვა გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ აზიანებს ქვეყანას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები