ხვიჩა კვარაცხელია არის სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი და ჩვენ ყველა ვამაყობთ მისი წარმატებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
“კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე იკადრა ახლა ბატონმა კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონი კობახიძის ცხოვრების კრედო მხოლოდ ბოღმა და სიძულვილია, ამიტომაც არ მიკვირს. ცალსახად აღვნიშნავ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი და ჩვენ ყველა ვამაყობთ მისი წარმატებით.
მე დღეს რაზეც მინდა ვისაუბრო არის ის პრობლემები, რაც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და რომელიც დღითიდღე უფრო მეტად მძიმდება და სანამ თქვენ ამ ორი თვის განმავლობაში ქმნიდით, უფრო სწორედ დემოკრატობანას თამაშობდით ოთხეულის გასვლით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებით, ვითომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებით, რეალურად კი თქვენ არაფრის შემსრულებლები არ ხართ და ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევთ. თუმცა თქვენ, თქვენს ოჯახებთან ერთად ხან ნიუ იორკში ისვენებთ ბიუჯეტიდან მოპარული თანხებით, ხან კიდევ ნიცაში. საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან და არასოდეს, ბნელ 90-იან წლებშიც კი ასეთი უიმედობა, როგორიც მე სამეგრელოში დამხვდა, არ მინახავს არასდროს.
ყველაზე მთვარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს სამეგრელო დგას – ამაზე პასუხი მე მჭირდება უმრავლესობისგან – რატომ არის თხილის ფასი, რომელიც არის მთავარი შემოსავლის წყარო სამეგრელოში, 4 ლარი? მაშინ როდესაც ბიძინას კარფურში თხილის ფასი არის 12 ლარი და ნუ მეტყვით, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ თურქეთის ბაზარზე ან ეს დამოკიდებულია თხილის ხარისხზე, თუ ჩვენ ვისაუბრეთ თხილის ხარისხზე მაშინ უნდა მითხრათ რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მსოფლიო ბაზრის ფასსა და ადგილობრივ ფასს შორის განსხვავება არის მთელი 8 ლარი, 50 000 ტონა თხილი გადის მსოფლიო ბაზარზე და დაახლოებით 400 000 000 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს გლეხს, ვის ჯიბეში მიდის კონკრეტულად. კიდევ უფრო მძიმედ არის და შიმშილობის წინაშე დგას სამეგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში მოსახლეობა, რადგან მთლიანად შეჭამა მატლმა სიმინდი, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რატომღაც ძინავს.
სამეგრელოს დეპუტატებს მინდა ვკითხო, აქ რომ ბევრს ლაპარაკობთ, ერთხელ მაინც თუ ჩასულხართ ანაკლია განმუხურში და გინახავთ რა კატასტროფული მდგომარეობა არის ინფრასტრუქტურის მხრივ, თუ ნახეთ ის ქვიშის გორები, რომლებიც წამლავს ანაკლიელებს და მარტო ბატონ კობახიძეს მინდა ვკითხო, სანამ ხვიჩა კვარცხელიაზე ისაუბრებთ, იქნებ მითხართ სად არის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული პარაგრაფი, რომელიც უნდა აეშენებინა პარაგრაფში, რატომ მიატოვა ის ტერიტორია და რატომ არის ჭაობი იქ, სადაც ბოტანიკურ ბაღს გვპირდებოდა და როგორ მოხდა, რომ განმუხურის მიწები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, გასხვისებულია კერძო მესაკუთრეზე და მისი მფლობელები არიან ადგილობრივი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?
მე აქ ასევე არაერთელ ვისაუბრე, როცა ჯანდაცვის მინისტრი იყო იმაზე, რომ რეგიონში, ზუგდიდში განსაკუთრებით მოქმედებდა კერძო აფთიაქები, სადაც იყიდებოდა ფსიქოტროპული ნივთირებები, მათ შორის არასრუწლოვნებზე. ეს აფთიაქები რამდენჯერმე დაიხურა და ისევ გაიხსნა, იქნებ მიპასუხოთ რა ხდება და რატომ წამლავთ ახალგაზრდებს? და რეალურქად ვინ მფარველობს ამ ბიზნესს რეგიონში და საქართველოში?
და ბოლოს, მინდა მივმართო ბატონ მდინარაძეს, რომელმაც წალენჯიასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ვუთხრა მას, იქნებ თავის გუჩის ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და სანამ წალენჯიხაზე გააკეთებდა კომენტარს, ენახა ბაღებში როგორ ძინავთ ბავშვებს იატაკზე, ენახა ნაკიფუს მოსახლეობა და გაეცა პასუხი, როგორ დაიხარჯა 200 000 ლარზე მეტი ჭაბურღილისთვის და იმისთვის, რომ ნაკიფუს მოსახლეობას წყალი ჰქონოდა, როგორ შეჭამა ეს თანხა ადგილობრივმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ პრობლემების, რომელიც მე დამხვდა რეგიონში და რომელიც თქვენ მოუტანეთ თქვენი მმართველობის 10 წლის განმავლობაში ჩემს რეგიონს და ამ ქვეყანას და რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ იქნებით ამ ქვეყნის ხელისუფლება”, – განაცხადა წითლიძემ.