რუბრიკაში “ადამიანები ისტორიით” მორიგი სტუმარია ქალი, რომლის “დატირება” დღეს, წითელ პარასკევს კიდევ ერთხელ გაისმება სამების საკათედრო ტაძარში და კიდევ ერთხელ მოჰგვრის სინანულის ცრემლს ათასობით ადამიანს, კიდევ ერთხელ ჩააღწევს სულებში…
ყოველ წელს, დიდმარხვის დასასრულს, აღდგომის წინა კვირაში, როცა ტაძარში დატირების რიტუალი სრულდება, სწორედ მისი სუფთა, ამაღლებული ხმა ეხმიანება წმინდა გლოვას და მონანიებას.
ნაირა ნაჩხატაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა ერთ დღეს სცენაზე მდგარიყო, ოპერის არიები ემღერა და მაყურებლის გული თავისი გამორჩეული ხმით დაეპყრო. მუსიკალური განათლება, დაუღალავი შრომა და წლები თავდადებული მზადების გზაზე – ყველაფერი თითქოს მიგვანიშნებდა, რომ მას წინ წარმატებული კარიერა ელოდა, როგორც ოპერის მომღერალს.
თუმცა, მისი ბედი სულ სხვა გზით წარიმართა — ისეთი გზით, რომელსაც თვითონ “ღვთის ხმობას” უწოდებს.
ნაირა ნაჩხატაშვილი მუსიკალური ოჯახიდანაა, სადაც ყველა მღეროდა, სადაც მუსიკა უბრალოდ ჰობი კი არ იყო, არამედ ცხოვრების წესი. ამ გარემოში აღზრდილმა გოგონამ ბუნებრივად აირჩია მუსიკალური გზა, თუმცა როცა მის ცხოვრებაში ეკლესია და გალობა გამოჩნდა, მიხვდა, რომ სწორედ იქ, ტაძარში იყო მისი ადგილი.
46 წელია, რაც ის ტაძარში გალობს და ამ გზაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სურვილი და ლოცვა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
“შენ სხვაგვარად უნდა იმღერო, შენ გალობა უნდა იყო”, – პატრიარქის ეს სიტყვები გახდა მისი ცხოვრების შემობრუნების წერტილი. ნაირა იხსენებს, როგორ იდგა არჩევანის წინაშე – სცენა თუ ტაძარი და მან აირჩია ის, რაც გულში ყველაზე ღრმად ესმოდა.
“ღმერთმა მომცა ხმა, მაგრამ მანვე მაჩვენა გზაც, სადაც ეს ხმა ყველაზე მეტად იყო საჭირო”, – ამბობს ნაირა, რომლისთვისაც დღეს ყველაზე დიდი ჯილდო არის იმ ადამიანების ლოცვაში ჩართვა, ვინც მის გალობასთან ერთად ტაძარში ცრემლებს ვერ იკავებს.
ნაირას ჰყავს ოჯახი და შვილი, რომელმაც დედისგან განსხვავებული გზა აირჩია – მაყვალა ასპანიძე დღეს წარმატებული სოპრანოა და ოპერის სცენაზე ასრულებს იმ ოცნებას, რომელიც ერთ დროს თავად ნაირას ჰქონდა.
“მაყვალას კარიერა ჩემთვის დიდი სიხარულია — თითქოს ის გზა, რაც მე ტაძარს დავუთმე, ჩემი შვილის მეშვეობით მაინც გაგრძელდა სცენაზე”, – ამბობს ნაირა ნაჩხატაშვილი.
ქალი, რომელმაც მსხვერპლის ფასად აირჩია ის, რაც გულში ჰქონდა ჩაბეჭდილი, დღეს იქაა, სადაც მისი ხმა არა მხოლოდ ისმის, არამედ ისმინება.