ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივაზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
ერთ-ერთი ინიციატორის გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამორიცხავს 2021 წლის 29 აპრილს მიღებული მუხლების რეპრესიულ მექანიზმად გამოყენებას ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ. მისი თქმით, სანქციების გამკაცრება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაბამისი მუხლები ძველი რედაქციით უნდა დაბრუნდეს.
მომხსენებელს მიაჩნია, რომ კოდექსში შესატანი ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების შესრულებაზე.
“გარდა ამისა, სანქციების ოდენობის შემცირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს აღნიშნულ მუხლებს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას კოდექსში შვიდა ცვლილება, რომლითაც მსგავს ქმედებებზე 90-დღიანი პატიმრობა განისაზღვრა.
„წარმოდგენილი კანონპროექტი არის პოპულიზმი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.