კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია, რადგან უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი შემოწმება არ დაუსრულებია, თავად სააკაშვილს კი აქვს პირის სტატუსი, რომელსაც მოქალაქეობა არ გააჩნია, – ამის შესახებ Front News-ს სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
“ამ დროისთვის ექსტრადაციისთვის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საექსტრადაციო შემოწმება არ დაუსრულებია, უკრაინაში მისი ექსტრადაციის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ არის”, – განაცხადა ბოგომაზოვმა.
მისივე თქმით, 5 იანვარს საქართველოში სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, სააკაშვილს დაუსწრებლად თავისუფლების სამი წლით აღკვეთა შეეფარდა, კანონიერ ძალაში ჯერ კიდევ არ შესულა.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ექსტრადაციისთვის კიდევ ერთი დაბრკოლება უკრაინის კანონმდებლობაა, კერძოდ კი კანონი მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ.
“კანონში არის შესაბამისი მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელსაც მოქალაქეობა არ აქვს, სააკაშვილი კი ახლა სწორედ ასეთი სტატუსის მქონეა, არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადასცენ, თუ ის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფება. სააკაშვილი სწორედ ასეთი პირია, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება რომც იყოს, მის გადაცემას ვერ შეძლებენ”, – განაცხადა ბოდომაზოვმა.