მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღიურად, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გადაადგილდება ეტლით, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში.
“მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღიურად, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გადაადგილდება ეტლით. მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და დაყრდნობა არ შეუძლია.
დღეს უკვე მხედველობაც გაუარესებული აქვს. ანალიზები და კვლევები ჩატარებული აქვს, მაგრამ დიაგნოზი არ არის ჯერჯერობით, არ ვიცით რამ გამოიწვია მდგომარეობა.
გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში, შესაბამისად, ჩვენ უკვე მივმართეთ განცხადებით, რომ გიორგი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, რათა დროულად დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.