მოსამართლის გადაწყვეტილება არის უსამართლო და უსაფუძვლო, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ვეფხია კასრაძის უფლებადამცველმა არჩილ ჭავჭანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულის წინააღმდეგ მოქმედებს.
“დღეს მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით გვქონდა შუამდგომლობა, ამაზე პოზიციას ჩვენ მოვისმენთ 12-ში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ გამოძიების ვადა, რომელიც მაქსიმალური იყო აღებული, ამ ვადაშიც კი ვერ უზრუნველყო პროკურატურამ, რომ რაიმე სხვა მტკიცებულება წარმოედგინა საქმეში, რომელიც კონკრეტულად დაადასტურებდა ვეფხია კასრაძის მხრიდან დანაშაულს, რასაც ედავებიან – ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას. თვითონ პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნაზე უარი განაცხადა და იმ ვიდეოს, რომელიც განთავსდა ფეისბუკგვერდზე, არანაირი ექსპერტიზა არ აქვს დანიშნული. საქმეში მხოლოდ ეს ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელზეც აპელირებს პროკურატურა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაო. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, ეს არის უსამართლო და უსაფუძვლო”, – განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე აღნიშნული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა განაჩენი – პატიმრობა ძალაში დარჩა. დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.