კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სამი მომხრე კიევში გაიტაცეს და მათი საქართველოში დეპორტაცია სპეციალური თვითმფრინავით განხორციელდა. ამის შესახებ Front News-ს ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
“დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც მუდმივი ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ისინი დააკავეს კიევში, სხვადასხვა ლოკაციაზე. ანუ, ჩატარდა სპეცოპერაცია ერთდროულად, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს. ამის შემდეგ წაიყვანეს “ჟულიანის” აეროპორტში და ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით თბილისში გაამგზავრეს. როგორ როგორ ეს ფორმალიზებული კანონმდებლობით – უცნობია”, – განაცხადა ბოგომაზოვმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს ამ პირების გატაცების შესახებ განცხადებით მიმართეს.
“პოლიციამ გვითხრა, რომ მათთვის არაფერი იყო ცნობილი. შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ ასევე არაფერი იცოდნენ, შემდეგ ვიყავით საიმიგრაციო სამსახურში. დაახლოებით 21:00 საათზე ერთ-ერთი დაკავებული კავშირზე გამოვიდა და გვაცნობა, რომ უკვე თბილისში იყვნენ. ეს არის ნებისმიერი ნორმის დარღვევა. რატომ გაუქმდა ცხოვრების უფლება და რატომ არ მისცეს ნებაყოფლობით გამგზავრების უფლება, გაუგებარია”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ეს გატაცება უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დევნის გაგრძელებას ჰგავს.
მიხეილ სააკაშვილმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი კიევში დააკავეს, მისი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე დაიკარგა, მისი მეგობარი დავით მაყიშვილი კი გაუჩინარდა.