კიევი: ლვოვის ოლქის მოსტისკის სასამართლოს ბოლო სხდომაზე მოსამართლემ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საზღვის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე დაცვის მხარის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ყურადღება არ მიაქცია. ამის შესახებ Front News-ს ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.
“22 სექტემბერს სასამართლო სხდომა 6 საათი გაგრძელდა. ძალიან ბევრი პროცესუალური ნიუანსი, ჩვენი აზრით, დადასტურდა, რომ ადმინისტრაციული პროტოკოლი უკანონოდ შეადგინეს. სასამართლო უბრალოდ თვალს ხუჭავდა ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, ჩვენ ვაჩვენეთ ვიდეო და დავამტკიცეთ, რომ სამგზავრო ავტობუსი 10 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიაზე, “შეგინის” გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა, თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე იყო, რაც აშკარად მიუთითებს, რომ მოსამართლემ შეგნებულად დახუჭა თვალი”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3400 გრივნით დააჯარიმა.
“პირველ რიგში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამი საათის განმავლობაში უნდა შედგეს. მესაზღვრეებმა თქვეს, რომ ასეთ ფაქტს 10 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, პროტოკოლი კი 12 სექტემბერს შეადგინეს, ეს უკვე პირველი დარღვევაა”, – აღნიშნა მან.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის მინიმუმ სამ გარემოებას არ მიაქცია ყურადღება.
“სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა 11 სექტემბერს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი მოითხოვა, გარდა ამისა, 10 სექტემბერს “შეგინთან” არსებობდა აუცილებელი პირობები, დანაღმული პუნქტი ევაკუაცია, მესაზღვრეებს ევაკუაცია უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ეს სპეციალურად არ გაკეთდა”, – განაცხადა ადვოკატმა.
10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. იქამდე მესაზღვრეებმა სააკაშვილს, მის მხარდამჭერებს და უკრაინის რადას დეპუტატებს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან მათი თქმით, ტერიტორია დანაღმული იყო.