დღეს ჩვენ არ წარვადგენთ საპარლამენტო სიას, მაგრამ “ევროპული საქართველო”, მე როგორც გენერალური მდივანი და ჩვენი თითოეული თანამებრძოლი აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის და მისი გუნდი მაინც გააგრძელებენ “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვებისთვის ბრძოლას.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხმების არდაკარგვის მიზნით, “ევროპული საქართველო” დამოუკიდებლად არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, სწორედ ამის გამო, დღეს ჩვენ არ წარვადგენთ საპარლამენტო სიას, მაგრამ “ევროპული საქართველო”, მე როგორც გენერალური მდივანი და ჩვენი თითოეული თანამებრძოლი აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში, რათა 26 ოქტომბერს დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების გზით”, – განაცხადა ბობოხიძემ.
ცესკოში პარტიების სიის წარდგენის ბოლო ვადა დღეს, 26 სექტემბერს იწურება.