"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "მთავარ არხთან" ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე არდათანხმების მიზეზს განმარტავს.
ნათელაშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც არ უნდა შევიდნენ.
"ოპოზიციის მიმართვას არსებითად, მხარს ვუჭერ. ხელი არ მოვაწერეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით ტექსტში პლებისციტის ხსენებასაც კი. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს. რადგან, ბოლოს და ბოლოს, განცხადებები გვაქვს დაწერილი გამოსვლაზე და ეს იცის მთელმა მსოფლიომ", – აცხადებს ნათელაშვილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.