უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ოვალურ კაბინეტში განვითარებულმა მოვლენამ, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსს შორის მედიის თვალწინ დაწყებულმა დაპირისპირებამ, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა, ახალი რეალობის წინაშე დააყენა.
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინა ვერ იქნება ძლიერ პოზიციაში ამერიკის გარეშე, ამიტომ ან მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას, ან ისინი მოლაპარაკების პროცესს დატოვებენ. ხოლო თუ ამერიკა თამაშიდან გავა, მაშინ ყველა ნახავს, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება.
ამიტომ ახლა ჯერი ევროპაზეა, სადაც ზელენსკი ლონდონში ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად უკვე ჩავიდა.
როგორ და რა სცენარით შესაძლოა, უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები განვითარდეს და რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ევროპა, თუკი ამერიკა უკრაინის დახმარებას შეწყვეტს? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-სთან ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე საუბრობს.
– როგორ აფასებთ 28 თებერვალს თეთრ სახლში, მედიის და მთელი მსოფლიოს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პროვოკაციაზე იქნა წამოგებული და ეს იყო კარგად ორგანიზებული სანახაობა, რომელიც ამერიკელებისთვის აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან იყო დადგმული. რა აჩვენა ამ მძიმე დაპირისპირებამ და რას სთხოვენ აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ზელენსკის?
– სამწუხაროდ, თეთრ სახლში განვითარებულმა ამ მძიმე დაპირისპირებამ ყველას ნათლად დაანახა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი მიზანი მშვიდობის ნებისმიერ ფასად მიღწევაა. ტრამპი ანგარიშს არ უწევს წინაპირობას თუ რის ფასად შესაძლოა, ე.წ. მშვიდობა უკრაინას დაუჯდეს. ფაქტობრივად ზელენსკის და უკრაინას კაპიტულაციის მოთხოვნა წაუყენეს. ჯერჯერობით ბრძოლის ველზე სურათი არ არის გამოკვეთილი, რომ რომელიმე მხარე კაპიტულაციისთვის მზად იყოს. ამას სჭირდება მინიმალური გამარჯვებული ან დამარცხებული. ასეთი მხარე ამ ომში არ არსებობს. ამიტომ ასეთი მიუღებელი მშვიდობა, რომელსაც ამერიკა ვხედავთ უკრაინას თავს ახვევს, ვერ შედგება. მოლაპარაკების თემა კაპიტულაცია ვერ იქნება.
– შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში აშშ უკრაინას სთხოვს პირდაპირ უარი თქვას იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთმა კონსტიტუციაში უკვე საკუთარ ტერიტორიებად ჩაიწერა? ანუ გამოდის, რომ ზელენსკი თუკი ცეცხლის შეწყვეტას ხელს მოაწერს, მაშინ უკრაინის 4 რეგიონი ავტომატურად რუსეთის აღმოჩნდება?
– დიახ, პირდაპირ ამას ნიშნავს. თუკი ზელენსკი ამ ცეცხლის შეწყვეტას ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ზაპოროჟიე, ხერსონი, ლუგანსკი და დონეცკი რუსეთს გაუფორმდება. მით უმეტეს ისინი ზაპოროჟიეს და ხერსონს სრულად ვერც აკონტროლებენ. ამით კი გამოვა, რომ კრემლი იმ ტერიტორიების დანარჩენ ნაწილსაც მიიღებს, რომელსაც ამ ეტაპზე ჯერ ვერ აკონტროლებს. გამორიცხულია, რომ ზელენსკი ამაზე დასთანხმდეს. ამაზე არ წავა უკრაინის არცერთ სხვა პრეზიდენტი, ვისითაც არ უნდა ჩაანაცვლონ.
ამას თავად უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს. უკრაინას სჭირდება გარანტიები, რაც მას დაიცავს. ყველას ახსოვს წარსულის მწარე გამოცდილება, როცა მაშინდელმა მსოფლიომ, როცა უკრაინას დაახლოებით 2000-მდე ბირთვული ქობინი ჩააბარებინეს. ის ქობინები რომ ახლა უკრაინას ჩაბარებული არ ჰქონოდა, რუსეთი ასეთ შეჭრას გაბედავდა? რა თქმა უნდა, ამას ვერ გაბედავდა. აქედან გამომდინარე უკრაინას ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილება და გარანტიების არ შესრულების ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს. უკრაინას აქვს ასევე მწარე გამოცდილება მინსკის ხელშეკრულებაზე.
ამიტომ ბუნებრივია, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. მოთხოვნები ის, რაც მას წაუყენეს და ის, რაც რუსეთს უნდა, ნიშნავს იმას, რომ უკრაინა განიარაღდეს, ამხელა ტერიტორიები დათმოს. ამხელა სისხლია დაღვრილი. ამხელა უბედურება აქვს ამ ხალხს გადატანილი და ასე ერთი ხელის მოსმით გამოაცხადონ კაპიტულაცია, ეს გამორიცხულია.
– ფიქრობთ, რომ ტრამპი ცდილობს პუტინთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაითანხმოს და მასთან უკვე მომზადებული გეგმით მივიდეს? გამოდის მაშინ, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში პუტინი არაფერს არ თმობს?
– ჯერ კიდევ 8 თებერვალს გავაკეთე განცხადება, რომ ამ წინაპირობით გამორიცხულია რაიმე მოლაპარაკება მოხდეს. ყველა კარგად ხვდება, რომ თუკი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის მყარად არ იქნება მიცემული, ეს არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა. ნებისმიერ დროს შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დაირღვეს. ეს იქნება დროებითი მშვიდობა და ამოცანები, რომელიც რუსეთს დეკლარირებულად აქვს უკრაინის მიმართ, ეს სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს. პუტინმა კონსტიტუციაში მონიშნა და თავისად ჩაწერა კონსტიტუციაში უკრაინის ტერიტორიები. გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიები მიისაკუთრა, რითაც მსოფლიო წესრიგი დაარღვია. ის ახლა კი გამარტივებული პოზიციიდან ითხოვს, რომ ეს ტერიტორიები მიიღოს. უკრაინას, როგორც დამნაშავე დამარცხებულ მხარეს ისე მოექცნენ, ეს კი შეუძლებელია.
– მოვლენების განვითარების რა სცენარს ხედავთ. ფაქტია, რომ ტრამპი და პუტინი ცდილობენ ერთმანეთში მორიგებას და ამ ომის დასრულებას. უკრაინას კი სწორედ მათ მიერვე შეთანხმებულ პირობებზე ხელის მოწერას სთხოვენ. ვის და რის იმედად რჩება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა?
– ეს ომი არ არის მხოლოდ ტრამპის და პუტინის გადასაწყვეტი. ეს ომი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინა ევროპის ნაწილია. უკრაინამ შეძლო და რვაასი ათასიანი არმია შექმნა და წარმატებით ომობს რუსეთის სამხედრო მონსტრთან. ჩვენ თუ თანაფარდობას ვნახავთ, რუსეთს, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით უპირატესობა აქვს. ავიაციაში 4/1-ზე, ბრონირებულ ტექნიკაზე 3/1, პირადი შემადგენლობა 2/1-ზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, უკრაინას აქვს წარმატებებიც და ომის წარმოების ძალიან დიდი პრაქტიკა გაუჩნდა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა ვერცერთი მიმართულებით, ტაქტიკურ-ოპერატიულ დახმარებას ვერ მიაღწია. მათ თავისი სამხედრო ამოცანების შესრულება ვერ შეძლეს. ამიტომ ეს არ ხდება, რომ ვიღაცას მოუნდა და მართლა, დაჩაგრულ მხარეს მიუთითებს, რომ შენ შეწყვიტე ახლა სასწრაფოდ ბრძოლა და როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტე. ამიტომ, ზელენსკი ვერ დათანხმდება ტრამპის წინადადებას. ახლა რაც შეეხება მოლაპარაკების თემას, ევროპის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა, ევროპის გარეშე, წარმოუდგენელია. სამწუხაროა, რომ უკრაინამ დაკარგა ისეთი ძლიერი მხარდამჭერი, როგორიც ამერიკაა. თუმცა დაველოდოთ რას იტყვის ევროპა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
– პირდაპირ შეგვიძლია ვაშინგტონში ტრამპის და ჯეიდი ვენსის განცხადებების შემდეგ ვთქვათ, რომ ევროპისთვის ძველი წესრიგი დასრულებულია და ახალი უსაფრთხოების ქოლგის შექმნაა სასწრაფოდ მნიშვნელოვანი?
– რა თქმა უნდა, დღეს ევროპა ამ რეალობის წინაშე დგას. სასწრაფოდ, აუცილებელია ახალი წესრიგის დამყარება. ამას კი სამხედრო უსაფრთხოება სჭირდება და მე არ გამოვრიცხავ, რომ ევროპის კონტინგენტზე ახალი სამხედრო ბლოკი შეიქმნას. ახლა ევროპის უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ და აქ მხოლოდ უკრაინაზე აღარ არის საუბარი. ყველაფრის გადატანა მოგება-წაგების და ბიზნესის კონტექსტში წარმოუდგენელია. ეს არის ფაშიზმის წახალისება, როდესაც ცივილიზებული სამყარო თავს იბრმავებს. ყველანაირი დათმობა და ენის მოჩლექით საუბარი რუსეთის იმპერიასთან და ფაშიზმთან, ნიშნავს უფრო მეტ სისხლს, უფრო მეტ არასტაბილურობას. თუ ახლა რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი არ მოიძებნა, ეს პროცესი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.
– ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს და ევროპის სხვა ლიდერებს შეხვდება, რა მოლოდინი გაქვთ? თუკი ამერიკა, როგორც ტრამპმა თქვა, “თუ ხელს არ მოაწერთ თამაშიდან გავა”, ევროპამ შეძლოს და უკრაინას დახმარება გაუწიოს?
– სამწუხაროდ, თუკი ამერიკა თამაშიდან გავა, უკრაინასაც და ევროპასაც ძალიან გაუჭირდება. თუმცა გვახსოვს, რომ შარშან ამერიკა 6 თვე თამაშიდან გასული იყო და კონგრესში დახმარების პაკეტის დამტკიცდება ყოვნდებოდა. მიუხედავად ამისა, უკრაინამ და ევროპამ მოახერხეს საჭირო რესურსების მოძიებაც და ამ კრიზისს მშვენივრად გაუმკლავდნენ. გვინდა-არ გვინდა, ევროპა უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ კომფორტი უნდა დათმოს. უკრაინამ უნდა მიიღოს საჭირო აღჭურვილობა, შეიარაღება, საბრძოლო მასალა და ცოცხალი ძალა.
– ევროპელი სამშვიდობოების ჩაყენების საკითხიც პრობლემაა, რადგან ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის პასუხისმგებლობაა, ხოლო მოსკოვი არაა თანახმა, რომ ევროპელი სამშვიდობოები ფრონტის ხაზზე განლაგდნენ. გამოდის, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტას ხელი რომც მოაწეროს და ევროპა-ამერიკა სამშვიდობოების საკითხზე შეთანხმდნენ, პუტინი თანახმა არ იქნება?
– რეალურად რუსეთს აქვს იმაზე ცუდი მდგომარეობა, ვიდრე ეს გარედან შეიარაღებული თვალით ჩანს. ტრამპის სტრატეგიული შეცდომა მოლაპარაკების კუთხით არის ის, რომ ის რუსეთს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. მოსკოვი კი დაბოხებული ხმით ცივილიზებული სამყაროს დაშინებას ცდილობს. რას ითხოვს პუტინი და რას ახმოვანებს ლავროვი და მაგათი პროპაგანდისტული მანქანა, დამიჯერეთ მათ ასე ცალსახა უპირატესობა არ გააჩნიათ.
ამიტომ ევროპას საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აამუშაოს და რაც შეიძლება მეტი საბრძოლო ტექნიკის გამოშვება და უკრაინისთვის მიწოდება მოხდეს. ახლა ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ევროპამ უნდა მიიღოს, ეს არის კომფორტის დათმობა და დროზე გადავიდეს მოქმედებაზე. ევროპის კონტინგენტზე, ძველი უსაფრთხო და უდრტვინველი ცხოვრება დასრულდა. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინა მიეცეს შესაძლებლობა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არის გამოსავალი მათ შორის ჩვენთვისაც, რადგან ევროპის შუაგულში აღვირახსნილ ფაშიზმს მივიღებთ.
ელზა პაპოშვილი