კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო და ელისაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ საქმეში მოსალოცი არაფერია და თვლის, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დაკავებულია უნდა გათავისუფლდეს.
“მოსალოცი დიდად არაფერია, სანამ ყველა პოლიტპატიმარი, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებული, არ გათავისუფლდება, ამ თავისუფლებას ფასი არ აქვს. შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღეზეც იქ უნდა ვყოფილიყავი, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მივბრუნდები ახლავე. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდეს. დღევანდელი ამბავი ძალიან უცბად მოხდა. როგორც ჩანს, უცხოელებიდანაც მოხვდათ ერთი-ორი წკეპლა. მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა ეს ” , – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.