შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 100-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ კრიმინალური პოლიციის რეფორმისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხი დასმულ შეკითხვებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.